გადაწერე თავიდან უსამართლო სცენარი!

აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელმაც ვერ ააწყო ურთიერთობა საპირისპირო სქესთან თვლის, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. კერძოდ:

  • სათანადოდ ვერ დააფასეს;
  • ვერ გაუგეს ან არ ისურვეს გაგება;
  • დაჩაგრეს;
  • არ მისცეს შანსი;
  • სხვა (დედა, მამა, მეგობრები, შვილები..) მასზე წინ დააყენეს;
  • არ დააფასეს მის მიერ გაწეული სამუშაო, დათმობა და ა.შ.

ამ ადამიანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის უსამართლობა მათი პარტნიორის მხრიდან;

მეორე ნაწილი თვლის, რომ ზოგადად ადამიანები არიან უსამართლოები;

მესამე ნაწილი კი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ მათ „ბედი“ (ცხოვრება) უსამართლოდ ექცევა და ისინი ამას არ იმსახურებენ.

აქვე მინდა გამცნოთ შემდეგი სტატისტიკაც, რომ დაშორების პირას მდგარი წყვილების ბედი რამოდენიმენაირად ვითარდება. კერძოდ:

  1. ისინი შორდებიან;
  2. ისინი ერთად რჩებიან, თუმცა მათი ურთიერთობა ფაქტობრივად აღარ არსებობს როგორც შეყვარებული ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრებად რჩებიან და ხშირად „გვერდით“ ფლირტს მიმართავენ ...
  3. ისინი ერთმანეთს აძლევენ შანსს, თუმცა შანსიდან შემდეგ სკანდალამდე მანძილი უკვე სტანდარტული ხდება და „ვიჩხუბეთ - შევრიგდით“ პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს.
  4. ისინი ეძებენ და პოულობენ საშველს, თემატური ტრენინგების, ფსიქოლოგიური ლიტერატურის ან უშუალოდ ფსიქოლოგის დახმარების სახით.

მე-4 კატეგორიაში მყოფი წყვილების 90% არა მხოლოდ ერთმანეთს ინარჩუნებს, არამედ მათი ურთიერთობა გაცილებით მყარი, საინტერესო და ჰარმონიული ხდება ვიდრე ოდესმე ყოფილა.


ამ პროცესს როგორც წესი ბონუსად მოყვება ცხოვრების სხვა დანარჩენი სფეროების დალაგებაც, რადგან ჩვენი ცხოვრება და მასში შემავალი სფეროები ერთგვარ ერთიანობას წარმოადგენს და მოქმედებს შემდეგი პრინციპით: „ერთი წაიქცა და გაიყოლა დანარჩენებიც“ ან „ერთი წამოდგა და დანარჩენებიც წამოაყენა“.

ფსიქოლოგების დაკვირვებით, მე-4 პუნქტში აღწერილი შედეგების მიღწევა იმ შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, როდესაც ურთიერთობის განმტკიცებით არა წყვილი, არამედ რომელიმე ერთი მათგანი კავდება. საკუთარი თავის განმტკიცებული რწმენა, საპირისპირო სქესის ფსიქო ფიზიოლოგიის ცოდნა და რიგი საკითხების გაცნობიერება, მას საშუალებას აძლევს, თავის მეწყვილეც „ჩაითრიოს“ ამ შეუქცევად პროცესში, რასაც საკუთარი ცხოვრებისა და ურთიერთობების საკუთარი ხელით შექმნა ქვია.
ასე რომ...

უბრალოდ მინდოდა მეთქვა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის
საკუთარი ცხოვრების სცენარის გადაწერა შესაძლებელია!

 

ხათუნა მუზაშვილი