ხათუნა მუზაშვილისა და ანა-მარიას საოცარ ისტორიას სანამ მოგითხრობთ , მანამდე მინდა ის პრაქტიკული სავარჯიშოები გაგიზიაროთ, რომელიც რწმენას შეგმატებთ, საკუთარ ძალებში დაგარწმუნებთ და დასახულ მიზნამდე ბევრად ადვილად მიგიყვანთ.
ამ ყოველივეზე ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი საუბრობს. ამ ქალბატონთან ორი წლის წინ მისივე მსმენელების შედეგებმა მიმიყვანა და იმ ჯადოსნურ ტრენინგზე მოხვედრის სურვილმა, რომელზეც ქალაქში დღეს ბევრი ლაპარაკობს… დანარჩენს ინტერვიუთი შეიტყობთ :)
-ქალბატონო ხათუნა, ამბობენ, როდესაც ადამიანს განწყობა არა აქვს აუცილებლად უნდა შეიქმნას, რომ პოზიტიურად წაუვიდეს დღე… რამდენად შესაძლებელია განწყობის შექმნა და როგორ ხდება ეს?
-განწყობა თითოეული ჩვენთაგანის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. ნებისმიერ მოქმედებას დაწყებული წყლის დალევიდან სერიოზული წარმატების მიღწევით დამთავრებული წინ განწყობა უძღვის. მისი ლექსიკონური განმარტებაც არის მზაობა მოქმედების განსახორციელებლად. ამიტომ სწორი განწყობის შექმნა წარმატების საწინდარია ყოველ იმ სფეროში, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ.
თითოეულ ადამიანს აქვს უნარი შეიქმნას თავისი მიზნის შესაბამისი განწყობაც. მაგალითად თუ ადამიანი გეგმავს საქმიან შეხვედრას და მას უნდა რომ ეს შეხვედრა წარმატებული იყოს, უნდა შექმნას განწყობა. ზუსტად უნდა გაწეროს რა შედეგის მიღება სურს ამ შეხვედრიდან, კარგია თუ ამ ყოველივეს ხელით დაწერს, ასევე უნდა აღწეროს ამ დადებითი შედეგის მიღების შემდეგ როგორი რეაქცია ექნება, აუცილებლად უნდა გადმოიტანოს ეს ემოცია ფურცელზე და გაწეროს გეგმაც თუ რა იქნება შემდგომ.
მაგალითად საქმიანი შეხვედრის შემდეგ ინვესტორისგან პროექტის დაფინანსების შემთხვევაში რა ნაბიჯებს გადადგამს, როგორ მონახავს ფართს, შეუკვეთავს ბილბორდებსა და ფლაერებს…
განწყობის შექმნა ხდება შემდეგნაირად, ცოტათი უნდა ამოვატრიალოთ სიტუაცია, პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ის რასაც განვახორციელებთ, იმ შემთხვევაში თუ შედეგი დადგება. დასაწყისშივე ამის გაკეთება სწორი განწყობის შექმნის საშუალებას იძლევა.
ასევე იმ ქალბატონებს, ვისაც უნდათ რომ გათხოვდნენ, მაგრამ არ ჰყავთ ობიექტი, მინდა ვურჩიო შესაბამისი განწყობა შეიქმნან… წინასწარ შეარჩიონ საქორწილო კაბა. გადახედონ რესტორნებს, ჩამოწერონ სტუმრების სია, წინასწარვე მოიაზრონ ქორწილის სცენარი, თუ თაფლობის თვის ადგილმდებარეობა… ამით იქმნება განწყობა და ეს რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს 90% შემთხვევაში, მიგვიყვანს იმ შედეგამდე რომელსაც ველით, რომელზეც ვოცნებობთ და რომელიც გვინდა რომ დადგეს.
-ანუ თუ არა ჰყავთ შერჩეული სასურველი მამაკაცი მაგ შემთხვევაშიც მოქმედებს ეს?
-აუცილებლად მაგ შემთხვევაშიც მოქმედებს, თუ შეიქმნიან განწყობას… არა მარტო უნდა ჩამოწერონ ეს ყველაფერი, უკვე უნდა ივარაუდონ კიდეც, რომ ასეთი მამაკაცი არსებობს და შემდგომი ნაბიჯებიც განახორციელონ თავშივე… შეიძლება ახლა ეს უცნაურად მოეჩვენოს ბევრს, მაგრამ სცადონ…
-ამ ბევრისთვის უცნაური და თავდაჯერებული რჩევების შემდეგ მოდი გავაცნოთ მკითხველს, ვინ არის ხათუნა მუზაშვილი, რომელიც გარკვეულ წრეში საკმაოდ ცნობილი ქალბატონია, მაგრამ არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ იცნობს მას…
— თითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავს უამრავჯერ შეუძლია დაუსვას კითხვა — ვინ ვარ მე და უამრავი საინტერესო პასუხი მიიღოს. რამდენჯერაც არ უნდა დასვა ეს კითხვა იმდენჯერვე ახალ-ახალი აზრები მოგდის. ტრენინგზეც გვაქვს ეს სავარჯიშო, ერთმანეთს ვუმეორებთ უამრავჯერ — ვინ ხარ შენ? ვინ ხარ შენ და ის იმდენ გრადაციას პოულობს თავისი პიროვნების, რომ როცა აღმოაჩენს, თურმე ვინ ყოფილა თავადაც უკვირს.
ახლა კი პასუხი შეკითხვაზე ვინ არის ხათუნა მუზაშვილი?
ხათუნა მუზაშვილი არის ადამიანი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში თავისი ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის გამო. რაც ცხოვრების გარკვეული მძიმე პერიოდების შემდეგ დადგა. ეს იყო ძალიან მძიმე წლები დეპრესიის…
ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ვარ სუსტი, დამატარებდნენ ხელით, არ შემეძლო ოთახში მარტო დაძინება, შეჩვეული ვიყავი დედასთან ხელჩაკიდებულ ცხოვრებას. 8 წლის ვიყავი როდესაც პირველად გავატარე ღამე დედის გარეშე, და სიცხე მქონდა 40 , მას შემდეგ გათხოვებამდე ღამე მარტო არ გამიტარებია…
მაგრამ ჩემს ცხოვრებაში დადგა პერიოდი, როდესაც არჩევანი უნდა გამეკეთებინა — ან უნდა გავმხდარიყავი ძლიერი, ან უნდა დავრჩენილიყავი ისეთივე სუსტი, როგორიც ვიყავი… აი სწორედ მაშინ გამოჩნდა ხსნა და ეს ხსნა იყო ის სისტემა, რომელსაც მე დღეს წარმოგადგენ — აკადემიკოს ნორბეკოვის სისტემა.
რომ ვთქვა თავიდანვე რწმენით ვიყავი აღჭურვილი და ძალიან მჯეროდა ამის-მეთქი, ასე არ იყო… უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ მქონდა, რადგან ყველა სხვა სპეციალისტი მეუბნებოდა — შენ ხარ დეპრესიული და უნდა ისწავლო როგორ იცხოვრო ამასთან ერთად. მთავაზობდნენ მიმეღო ჩემი დეპრესიულობა და მესწავლა ჩემი შიშებითა და ჩემი კომპლექსებით ცხოვრება, ანუ ვყოფილიყავი გარკვეულ უნარშეზღუდული. ერთადერთი ადგილი, სადაც მოვისმინე რომ შემიძლია გავხდე ძლიერი, სადაც მეუბნებოდნენ, რომ შენ თუ მოისურვებ, იქნები კარგად, ეს იყო ნორბეკოვის სისტემა.
ზუსტად ვიცოდი, რომ მე ეს ძალიან მინდოდა, ზუსტად ვიცოდი, რომ ამისთვის გავაკეთებდი ყველაფერს და მე ეს დავიწყე.
მერე კი, როდესაც რეალურად გავხდი კარგად, ვიღაცამ მითხრა — შენ რა გიჭირს ძლიერი ხარო! ეს ფრაზა ისევე მომხვდა ყურში, როგორც ადამიანს დაუძახონ სახელი, რომელიც არ ჰქვია. ჩემთვის იყო საოცრად გასაკვირი, რომ ვიღაცამ ჩემი სიძლიერე დაინახა. რადგან ჯერ კიდევ არ მქონდა ეს გაცნობიერებული… კარგად ყოფნა, სიძლიერე, საკუთარი თავის გატანის უნარი, ბრძოლისუნარიანობა, ეს ყველაფერი ნელ-ნელა განვითარდა…
და ეს ყოველივე ძალიან ჰგავს სპორტს, როცა მოჩვარული სხეულით მიდიხართ სპორტდარბაზში და გინდათ, რომ თქვენი სხეული იყოს იდეალური, კუნთი იყოს მკვრივი. თქვენ იწყებთ ამაზე მუშაობას, მაგრამ 2-3 დღეში შედეგი არ ჩანს, თუმცა, თუ თქვენ ზუსტად იცით რა გინდათ და ზუსტად იცით სად უნდა მიხვიდეთ, ერთ მშვენიერ დღეს მიიღებთ იდეალურ ათლეტურ სხეულს.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ის, რაც მას არ დაჰყვა დაბადებიდან, ის უნარი განავითაროს სწორედ ისე, როგორც ტრენაჟორზე ანვითარებენ გარკვეულ კუნთებს და ახალი კორექტივები შეიტანოს თავის ცხოვრებაში.
ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელმაც ეს გზა გამოიარა და დღეს მე თითოეულ იმ ადამიანს ვგრძნობ, რომელიც ჩემთან დეპრესიით, კონფლიქტით, ტკივილით, ან ნერვიული აშლილობით მოდის, ვგრძნობ, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე.
დღეს მე ვარ ფსიქოლოგი, ტრენერი, სპიკერი და ჩემი მისიაც, ჰობიც, საქმიანობაც და საყვარელი საქმეც საბედნიეროდ ერთმანეთს ემთხვევა. რომ არა ეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ოდესღაც დეპრესია, ვერასოდეს ვიპოვიდი ამ საქმიანობას, სადაც საკუთარ თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში.
ამიტომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს რაღაც გასაჭირი ან განსაცდელი, როგორც გნებავთ ისე დავარქვათ, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ხშირად იმ კარების გასაღები, რომელსაც ვერ ხსნის ცხოვრებაში, სწორედ იქ არის სადაც ყველაზე მეტად სტკივა. ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ახლა განსაცდელშია, ვინც ფიქრობს, რომ ცხოვრება თავზე დაექცა, ან უსამართლოდ იმყოფება მძიმე მდგომარეობაში დაკვირვებით და ლუპით დაათვალიერონ ირგვლივ ყველაფერი. იმიტომ რომ გამოსავალი იწყება სწორედ იმ ღრმა ორმოდან, სადაც ჩვენ ვიგრძენით ტკივილი, რომელიც სულამდე დავიდა. აი სწორედ იქ შეგვიძლია ვიპოვოთ გასაღები და არა მარტო საკუთარი თავისთვის… ეს შეიძლება მერე უამრავი სხვა ადამიანისთვისაც გასაღებად იქცეს.
-ახლა გამახსენდა წარწერა, რომელიც თქვენი წიგნის ყდაზეა, სადაც მადლობას უხდით იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ დროს გვერდში არ დაგიდგნენ, იმ მეგობრებს, რომლებმაც გიღალატეს… ადამიანები ასე არ იქცევიან, ღალატისთვის მადლობას არ იხდიან…
-გვერდზე არ დამიდგნენ — ახსენეთ ფრაზა. პრინციპში როდესაც რაღაცა მტკივა, მტკენია, ან მიჭირს , იშვიათად მინდა ხოლმე გვერდზე დადგომა. ძალიან ხშირად ადამიანები ამას აკეთებენ მაშინ, როდესაც ვიღაცას წაქცეულს დაინახავენ, მე ეს არ მომწონს, ჩემთვის მეგობრობა და გვერდით დგომა აუცილებელია მაშინაც, როცა მე სიმაღლეებს ვაღწევ და როცა მიხარია. როცა მტკივა ისინი მზად არიან დამირეკონ და მითანაგრძნონ, მაგრამ როდესაც ხედავენ მე კარგად ვარ, რომ მე წარმატებას მივაღწიე გაცილებით ნაკლები ზარია ხოლმე ჩემს ტელეფონზე…
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ოდესმე ჩემთვის გული უტკენიათ, მართლა ისინი არიან გულწრფელად ჩემი მასწავლებლები და როდესაც წიგნის ბოლოს ეს ფრაზა დავწერე — მადლობა ყველას ვინც მიღალატა და ვინც მიმატოვა, მოხდა ასეთი საოცარი რამ, რამოდენიმე ადამიანმა დამირეკა, რომლებმაც თავის თავზე მიიღეს და უნდოდათ რაღაცით ვენუგეშებინე. მე ვუხდი ცხოვრებას მადლობას, რომ ისინი ჩემს ცხოვრებაში იყვნენ.
მე ასე ვხედავ დღეს და შემიძლია ვიყო ცრემლებამდე მადლიერი იმ ადამიანების, რომლებმაც ფეხი წამომიდეს და ეს არის საოცარი მდგომარეობა, მე მჯერა რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დადგება ეს მომენტი, როდესაც იმ ტკივილს, რომელიც მას მიაყენეს მოაქვს ძალიან დიდი გზების გახსნა და ძალიან დიდი მადლიერება. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი მადლობა და ყოველთვის, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ჩნდება დაბრკოლება, მე ზუსტად ვიცი , რომ ეს არის ჩემი ფსიქიკის ტრენაჟორი, ეს არის პერიოდი, როდესაც მე კიდევ უნდა გავიარო ახალი წვრთნა და კიდევ უფრო უნდა გავძლიერდე.
ამიტომ კარგია, რომ ასეთი კუთხით შევხედოთ, ეს შესაძლებელია. თუ მე ეს შევძელი, ადამიანმა, რომელსაც მეშინოდა ბუზის, ჩიტის, კალიის, სიბნელის, ფაჩუნის, გაცილებით მეტი ადამიანი ვიცი, რომელსაც ჩემზე მდგრადი ფსიქიკა აქვს დაბადებიდან ვიდრე მე მქონდა და იქ სადაც მე შევძელი, მე ვიცი რომ ეს ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია.
უბრალოდ მთავარია გაჩნდეს აუცილებლობა იმისა, რომ მიიღონ გადაწყვეტილება რომ მათ უნდათ, რომ იყვნენ ძლიერები, რომ მართავდნენ თავიანთ ცხოვრებას. ნებისმიერი დაბრკოლება თუ წამოდებული ფეხი მათ გამოცდილებას სძენდეს და არა ტკივილს და ისინი ამას აუცილებლად შეძლებენ.
-ბევრი საუბრობს თქვენი ტრენინგის მაგიური ძალაზე, ადამიანები თქვენთან, სწორედ იმ სიძლიერეს იძენენ, რაც მერე ცხოვრებაში სასურველ ნაბიჯებს გადაადგმევინებს. თუ მოდიან შემთხვევით ადამიანები და რა ხდება მერე?
-საერთოდ ფსიქოლოგიურ ტრენინგზე ძალიათ და გადაბოჭვით მოყვანა არავისი არ შეიძლება, ეს არ არის ფსიქიატრიული საავადმყოფო, სადაც ამის აუცილებლობაა … სანამ ადამიანი თვითონვე არ მიხვდება რომ ეს ესაჭიროება, უბრალოდ აზრი არა აქვს მის აქ მოყვანას.
ნორბეკოვის პირველ გამაჯანსაღებელს, საიდანაც იწყება მუშაობა საკუთარ თავზე აქვს პირველი საპრეზენტაციო დღე. რომელსაც, რა, თქმა უნდა აქვს თავისი გეგმა, მაგრამ ეს გეგმა ხშირად იცვლება იქედან გამომდინარე, თუ რა საზოგადოება ზის დარბაზში. თუ მე ვხედავ, რომ დარბაზში მყავს შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც ვერ მიხვდნენ, სად მოვიდნენ, ხშირად ვაკეთებ უხეშ პროვოკაციებს, მაქვს ძალიან უცნაური, არაადეკვატური გამოსვლები, ამით მინდა იმ ადამიანების პროვოცირება მოვახდინო, რომლებიც ჩემი აზრით არ არიან მზად.
როდესაც ადამიანმა ზუსტად იცის რისთვის მოვიდა, ის ხედავს იმას რაც უნდა წაიღოს და პროვოკაცია მისთვის მაპროვოცირებელი არ არის, მაგრამ ადამიანი, რომელმაც შემთხვევით შემოიარა და მიზეზი სჭირდება, რომ აქედან გაიქცეს, ამ მიზეზს ვაძლევ… ძირითად შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ პრეზენტაციის მერე ჩვენთან დასწრება არის 99%-იანი. იშვიათია, როდესაც პრეზენტაციის შემდეგ ადამიანი აღარ გადის ტრენინგს, თუმცა, ასეთებიც არიან და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ადამიანი უნდა ჩამოყალიბდეს თავის სურვილებში და ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მას სჭირდება წინსვლა და არა მიზეზი იმისთვის რომ კარგად არ იყოს…
რაც შეეხება ზოგადად ტრენინგს ეს არის ფაქტობრივად ჩემი ცხოვრება, მე შემიძლია ვთქვა რომ როდესაც ვინმეზე ხარ შეყვარებული და ამ ურთიერთობაში დებ მთელ სულს, ყოველი ტრენინგი არის ჩემთვის პირველი პაემანი საყვარელ ადამიანთან, რთული ასახსნელია აღვწერო რა ხდება ჩემში, როდესაც მე ვიცი რომ დღეს მოვლენ ახალი ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობ. ეს არის ღელვაც, მოლოდინიც, აბსოლუტურად შეყვარებული მდგომარეობა.
ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ იმ სიყვარულსვე ვიღებ, რომელსაც ვდებ ყოველ ტრენინგში. ორი დღის წინ დასრულდა პირველი გამაჯანსაღებელი და როდესაც მე ვთხოვე ადამიანებს ჩამოეწერათ შედეგები 10 დღეში ყველაზე ცოტა იყო 86 და ყველაზე ბევრი 207 შედეგი , როცა ადამიანები იძახიან რომ ისინი არიან ბედნიერები, არიან კარგად და მათ უბრჭყვიალებთ თვალები, ეს არის რაღაც საოცარი განცდა, ამ განცდის სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. მათ შეუძლიათ აკონტროლონ ის რაც ეგონათ რომ ბედ-იღბლით სადღაც კონტროლდება, როდესაც ისინი ხვდებიან რომ მხოლოდ მასზე არის დამოკიდებული მათი ბედნიერება.
-ამ რამდენიმე დღის წინ შევიტყვე ერთი გოგონას ამბავი, რომელიც ვერ დადიოდა და ამ ტრენინგებმა და თქვენმა ჩარევამ მისცა სურვილი, რომ წამომდგარიყო, მითხრეს გაიარაო…
-თითოეული ასეთი ისტორია, ჩემთვის გამოწვევაა. ანას მდგომარეობა სრულიად შემთხვევით გავიგე… გადავწყვიტე მიმეწვდინა ხმა მისი მშობლებისთვის და მეთქვა მე მზად ვარ რომ ეს გოგონა დავაყენო ფეხზე, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ნანახი არ მყავდა.
ანას გარკვეული სტრესული მდგომარეობის ფონზე განუვითარდა ღრმა დეპრესიული სინდრომი, რომელიც მარტივ ენაზე რომ ვთქვათ გამოიხატა იმაში, რომ ვერ დადიოდა, არ საუბროიბდა, ან საუბრობდა მხოლოდ ჩურჩულით და ისიც ძალიან იშვიათად. იყო მუდმივად დეპრესიულ განწყობაზე, იჯდა მოღუშული სახით და ასე ატარებდა დროს. იგი არ იღებდა საკვებს და ძალით ხდებოდა მისთვის საჭმლის მიწოდება, არაფერი არ უხაროდა, არ ჰქონდა მიზანი, არც სურვილი, რომ სკოლაში წასულიყო, ფაქტობრივად არც უნდოდა რომ ამდგარიყო. ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ვერც ადგებოდა, ამ მდგომარეობაში დამხვდა მე ანა.
როდესაც ანასთან დავიწყე მუშაობა გავიარე კონსულტაცია რამოდენიმე ავტორიტეტულ პიროვნებასთან. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ჭკუას ვეკითხები ფსიქოლოგიაში. აბსოლუტურად ყველამ მითხრა, რომ ძალიან მძიმე შემთხვევაა, და თუ მაინც არ ეშვები, წარმატებებს გისურვებთო… მე კი ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ყურებზე დავდეგებოდი და გავაკეთებდი ყველაფერს, იმასაც კი რაც არ ვიცოდი, დავჯდებოდი, ვისწავლიდი, დავიმატებდი, რომ ანა ფეხზე დამდგარიყო და საბედნიეროდ ეს მოხდა. ჩვენ ვმუშაობდით ერთდროულად ძალიან ბევრი მეთოდიკით. ეს არ იყო ერთი განსაზღვრული მეთოდი ეს იყო ფაქტობრივად 5 მეთოდის ნაზავი და ჩვენ მივედით იქამდე, რომ ის ადგა.
ეს ჩემთვის იყო რაღაც განუზომელი განცდა, იმიტომ რომ მე ძალიან სერიოზულ რაღაცას შევეჭიდე. რწმენა იმისა რომ ის ადგებოდა მქონდა. ზუსტად ვიცოდი რომ მის ფსიქიკას ეს შეეძლო. დანარჩენს გზადაგზა ვცვლიდით მეთოდებს და ყოველ ახალ დღეს ვგეგმავდით, თუ რომელი მიმართულებით უნდა წავსულიყავით. და საბედნიეროდ ჩვენ მივუკაკუნეთ მის ფსიქიკას, რომელმაც გადახარშა ეს არსებული პრობლემა და მისცა მას საშუალება რომ ფეხზე დამდგარიყო.
დღეს ის არის გაღიმებული, ბედნიერი, მიზნებით აღსავსე, მინდა გითხრათ, რომ უნიჭიერესი გოგოა. ახლაც აღვნიშნავ, იმას რასაც ტრენინგებზე ხშირად ვამბობ, დეპრესია ეს ლიდერი და გენიალური ადამიანების დაავადება, თუ თქვენ როდესმე გქონიათ დეპრესია, ეს ნიშნავს, რომ თქვენში გენიალურობა იმალება, რომელიც არ არის რეალიზებული. ხოლო როცა ადამიანი არარეალიზებული ლიდერია, როდესაც ამას ვერ ახერხებს, ძალიან მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდება და ამ შემთხვევაშიც მიზეზი ეს აღმოჩნდა.
ანას, არაჩვეულებრივი ნახატები აქვს, არტ თერაპიით ვიმუშავეთ და მისი ნახატები უკვე ერთ-ერთმა სასტუმრომ შეიძინა და ამ სასტუმროს ჰოლს ამშვენებს, ასევე დაწერა არაჩვეულებრივი ტელეპროექტი, რომლის განხორციელებაც აქვს გეგმაში.. დაუბრუნდა სკოლას და თავის თანაკლასელებს და ძალიან მიხარია, რომ ეს ასეა და ამ შემთხვევაშიც ზღაპარი დამთავრდა კეთილი დასასრულით….
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩემს ტრენინგებს დასწრებია… თქვენი შედეგები, ანთებული თვალები, გადამდები ღიმილი, დაუღალავი შრომა და მონდომება მაძლევს საშუალებას ვაკეთო ის რაც მიყვარს. თქვენს გარეშე ცარიელი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ….მადლობა რომ არსებობთ…
ხათუნა მუზაშვილთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ვეწვიეთ გოგონას, რომელზეც ქალბატონი ხათუნა გვესაუბრა. ანას ღიმილი ძალიან უხდება. არის გეგმებით და მიზნებით აღსავსე და სჯერა, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს, იმიტომ რომ მას ასე სურს.
-ანა, როგორია განწყობა?
-ვფიქრობ ნორმალური, კარგად ვარ
-გაეცნობი მკითხველს?
-მე ვარ ანა-მარია 12 წლის, ვსწავლობ მეშვიდე კლასში
-ანა-მარია, როგორც გავიგე ტელეპროექტი გაქვს, ვერ მეტყვი რა გადაცემის გაკეთება გსურს?
-მინდა გადაცემა იყოს ბავშვთა უფლებებზე და ვისაუბრო იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ბავშვებს უსამართლოდ ექცევიან, ასევე დავაფასო ისინიც, რომლებიც კარგები არიან. მინდა ცუდმა მასწავლებლებმა კარგი მასწავლებლებისგან აიღონ მაგალითი, ისწავლონ.
ასევე გამოკითხვა ჩატარდება ბავშვებში თუ ვის რა პრობლემა აქვს და ამ პრობლემაზე აიგება გადაცემა. მინდა რომ კარ მასწავლებლებს დიპლომიც გადავცეთ.
კიდევ მინდა ამ გადაცემაში შევიდეს წიგნი, რომელსაც ახლა ვთარგმნი ინგლისურიდან. ამ წიგნში ძალიან კარგი სავარჯიშოებია, რაც ბევრს გამოადგება და დაეხმარება. ხშირად ადამიანს აქვს ცუდი ფიქრები, რომელიც აუცილებელია კარგი ფიქრებით ჩაანაცვლო. ეს წიგნი ამას გასწავლის.
-ანა- მარია რატომ გაგიჩნდა ამ სახის გადაცემის გაკეთების სურვილი?
-მე ვიწექი საავადმყოფოში გიემრანის სინდრომით, მერე გამომწერეს, ამის შემდეგ წავედი სკოლაში, სადაც დამემატა ნერვიულობა და ჩემი მდგომარეობა გართულდა… იმ მასწავლებლის ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ ძალიან უხეშად მომექცა… რამაც იმოქმედა… სხვებსაც უხეშად ექცევა რაც ძალიან არ მომწონს.
— ანუ მასწავლებლის არასწორმა დამოკიდებულებამ მოსწავლეებთან გადაგაწყვეტინა, რომ გააკეთო ისეთი გადაცემა, რომელიც სამართლიანობისკენ მოუწოდებს მასწავლებლებს?
-მე მიყვარს სწავლა, მაგრამ როდესაც მასწავლებელი ცუდად გექცევა, შეიძლება ის საგანი იმდენად შეგძულდეს, რომ ვერ ისწავლო.
-მასწავლებელმა იცის, რომ ასეთი ტკივილი მოგაყენა?
— მგონი არა.
-არ გინდა რამე უთხრა მას?
-გადაცემით ვეტყვი.
-როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?
-თუ რამე არ მოსწონს წესიერად და მშვიდად უნდა უთხრას ბავშვს, უნდა აუხსნას. გაკვეთილებზე არ უნდა იყვიროს, ბავშვებს არ უნდა ეჩხუბოს, არ უნდა ლანძღოს… ეს ძალიან სტრესულია. მერე რაღაცნაირად გრცხვენია, იკეტები და გამოსავალს ვერ პოულობ.
-შენ შემთხვევაში რა მოხდა?
— შინაარსი არ მოეწონა და მთელი კლასის გასაგონად აღნიშნა, ვკითხულობდი, უხეშად გამაჩერა და დამსვა, არ მომწონსო. მე იმდენი ვიწვალე ამ შინაარსზე. ეს უსამართლობა იყო მისი მხრიდან. ბოლომდე წამეკითხა და მერე დავესვი, თან წყნარად უნდა მითხრას და არა ყვირილით. ამაზე ვინერვიულე ძალიან.
-შენ როგორ ფიქრობ ის ბავშვები, რომლებიც მასწავლებლისგან მსგავს დამოკიდებულებას გრძნობენ გულახდილები იქნებიან შენს გადაცემაში?
— კი, იქნებიან. სახეს არ გამოუჩენ, მერე მასწავლებლებმა რომ არ დაჩაგრონ…
-რას მისცემს ეს გადაცემა ბავშვებს?
-არ შეეშინდებათ, მარტო მე არ ვარ ამ სიტუაციაში, ბებიაჩემი ექიმია და იმ დღეს დედაჩემს უთხრა, რომ ზუსტად ჩემნაირად გახდა ერთი გოგო ცუდად. ვერ დადიოდა და ეს ზუსტად ამ ნერვიულობის გამო შეემთხვა. დაეხმარება ეს გადაცემა ყველას.
-ანუ შენ შეგექმნა ისეთი სიტუაცია, რომ ამ ნერვიულობის ფონზე ვერ გაიარე?
-ნერვიულობის შემდეგ ჩავიკეცე, ვეღარ ვშლიდი ფეხს. ვეღარც ვლაპარაკობდი. ახლაც არ მიადვილდება, მართალია ხმამაღლა ვლაპარაკობ უკვე, მაგრამ არის ხოლმე როდესაც უხასიათოდ ვარ და არ მინდა ლაპარაკი.
— რამდენი ხანი არ დადიოდი?
-5 თვე
-ამ ხუთი თვის მერე რა მოხდა?
— დავიწყე ხატვა, რომელიც ძალიან მსიამოვნებდა, ასევე ვარჯიშები მუსიკაზე… ამ ყველაფერს ხათუნა მუზაშვილი მაკეთებინებდა. წარმოდგენასაც ვდგამდით და ამანაც იმოქმედა. ყველაზე ძალიან ვარჯიშები დამეხმარა და მონდომება. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დავეხმარო. დავხატო, მერე გამოფენა მოვაწყო, გავყიდო ნამუშევრები და შემოსული თანხა მათ გადავცე… ამაზე ხშირად ვფიქრობ… გადაცემაზე ფიქრის დროსაც რეპეტიციას გავდივარ ჩემს ფიქრებში, ჯერ ვიზუალურად წარმოვიდგენ, როგორია, მერე რას ვამბობ, ვინ მყავს სტუმრად. რა თემაა შერჩეული და ეს როგორ ეხმარება ბავშვებს. ამ ყოველივეს წარმოვიდგენ ხოლმე, როგორც რეალურს…
ასევე მასწავლებელზეც ვიმეორებ ხშირად- ვპატიობ, ვპატიობ, ვპატიობ… ალბათ ესეც მომეხმარა. პატიებას ძალიან დიდი ძალა აქვს, უნდა აპატიო…
-რას ეტყვი მასწავლებლებს?
-გაუფრთხილდით და კარგად მოექეცით ბავშვებს, არ დაჩაგროთ… საერთოდ ამ სახის ტრენინგები სკოლებშიც რომ ტარდებოდეს კარგია და საჭირო ყველა ბავშვისთვის, განსაკუთრებულად მათთვის ვინც მარტოსულად გრძნობს თავს და ამის ამოთქმა არ შეუძლია. ან ცუდი ფიქრები აწუხებს. ამ ტრენინგებით ხვდები, რომ მარტო არა ხარ, სხვა ადამიანებსაც ჭირდები.
-რა იყო პირველი შეგრძნება როდესაც გაიარე?
-მე თვითონაც გამიკვირდა… მანამდეც მქონდა ბევრი მცდელობა, მაგრამ ვერ ვბედავდი… ტრენინგის მერე ძალიან მომინდა ადგომა და დამოუკიდებლად გავლა, ამ გადაცემის გაკეთებაც… ამიტომაც ვთქვი უნდა გავიარო-მეთქი და გავიარე… პირველი შეგრძნება სიხარული იყო, გავიფიქრე რომ ძლიერი ვარ, მესიამოვნა და ბედნიერი ვიყავი. ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენ კარგად ვიქნებით თუ ცუდად. ეს ჩვენს ფიქრებზეა დამოკიდებული და მონდომებაზე. თუ ძალიან, ძალიან გინდა ყველაფერი გამოგივა.
დეა თავბერიძე