როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

„როგორ გავხდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია?“ - ეს ის კითხვაა, რომელსაც, ალბათ, ყოველი მეორე ადამიანი მაინც უსვამს საკუთარ თავს ან მის გარშემო მყოფებს. ეს ის პროცესია, რომელიც, ალბათ, ყველას სურს, გამოსცადოს. ამ კითხვაზე არაერთი პასუხი არსებობს და ინტერნეტშიც უამრავ რჩევას გადააწყდებით, თუმცა, ცხადია, რომ ეს საკმარისი არ არის; ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ამაზე კონკრეტული პასუხი მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებმაც ეს თავად შეძლეს; რომელთაც უკვე გამოსცადეს, როგორია ბრძოლა საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად გარდასაქმნელად და ამის შემდეგ იგივე გამოცდილების გამოყენებით, ასობით ადამიანს დაეხმარნენ.

ფსიქოლოგმა, ხათუნა მუზაშვილმა წლების წინ ეს ბრძოლა მოიგო და უკვე დიდი ხანია, რაც საკუთარ ტრენინგ ცენტრში სხვა ადამიანებს ეხმარება - გახდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.  

და მაინც, რას გულისხმობს ეს ტერმინი და როგორ შეიძლება სასურველის შედეგის მიღწევა?

 

(ხათუნა მუზაშვილი) - ყველას გვინდა, ვიყოთ უფრო ლამაზი, უფრო მდიდარი, უფრო უკეთესი და საბოლოო ჯამში, როგორც ვამბობთ ხოლმე, საკუთარი თავის ახალი ან საუკეთესო ვერსია, მაგრამ ეს ტერმინი თავადვე გულისხმობს ერთ აუცილებელ ფაქტორს. პირველ რიგში, ჩვენ კონკრეტული მიზნები გვჭირდება, რომლებიც ჩვენი ცხოვრების კონკრეტულ მონაკვეთში უნდა განვახორციელოთ. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ საკუთარი რესურსები, როგორიცაა: შინაგანი მდგომარეობა, გარეგნობა, უნარები თუ განათლება და შემდგომ შესაბამისობაში მოვიყვანოთ ისინი ჩვენს კონკრეტულ მიზანთან.

როცა მიზანი დაკონკრეტებული არ არის, მოტივაციაც არ გაგვაჩნია და შედეგად, არც ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია. თუ მინდა, გავხდე პრეზიდენტი, აუცილებლად უნდა გადავხედო, თუ რამდენად კარგი მეტყველება მაქვს, როგორია ჩემი კომუნიკაციის უნარი, რამდენად ენერგიული ვარ, როგორ გამოვიყურები და რამდენად ვერკვევი იმ საკითხებში, რომლებიც პრეზიდენტმა უნდა იცოდეს - ამ მიზნის შემთხვევაში, მე განსხვავებული ტიპის უნარების განვითარება მჭირდება, ვიდრე დამჭირდებოდა მაშინ, თუკი, მაგალითად, ჩემი მიზანი შვილის გაჩენა იქნებოდა,

აქედან გამომდინარე, ვიყო საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეფასებით ვიყო უკეთესი. ეს ნიშნავს იმას, რომ გავზარდო ჩემი უნარები და მოვარგო ისინი ჩემს მიზნებს.

-ესე იგი, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიაზე მუშაობა, პირველ რიგში, მიზნის განსაზღვრიდან იწყება?

-დიახ. ხანდახადან მოდის ადამიანი, რომლის მიზანიც გარკვეული შიშებისა და შფოთვების მოშორებაა. როდესაც მიზანი არ არის კარიერული ან გლობალური თვალსაზრისის მატარებელი და ელემენტარულია - მაგალითად, ის, რომ, უბრალოდ, კარგად ვიყო, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, რა გვინდა. გვინდა, რომ არ ვიყოთ მშიშარა? გვინდა, ვიყოთ მამაცი? გვინდა, გვქონდეს ძლიერი ფსიქიკა? რისთვის გვინდა ეს ყველაფერი? - საბოლოო ჯამში, ამით საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას ვქმნით, რაღაც მიზანთან შესაბამისობაში.

-თქვენ როგორ ეხმარებით ადამიანებს ამ მიზნების მიღწევაში და რამდენად რთულია საკუთარ თავზე მუშაობის პროცესი?

-ჩვენს ტრენინგ ცენტრში სულ ახლახანს შევიმუშავეთ  1-წლიანი პროგრამა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, ფასდაკლებით შეიძინოს ერთ სისტემად ჩამოყალიბებული 12 ტრენინგი და დაიწყოს რეგულარული წინსვლა.

პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი უნარის განვითარება და ხასიათის ნებისმიერი თვისების ჩამოყალიბება ან საპირისპიროთი ჩანაცვლება შესაძლებელია. ადამიანი, რომელიც არის მშიშარა, შეიძლება, გახდეს მამაცი. ადამიანი, რომელსაც ძალიან სუსტი ფსიქიკა აქვს, შესაძლებელია, გახდეს ძალიან მდგრადი. თუმცა, ამ ყველაფერს კვალიფიციური მუშაობა, თვალყურის დევნება და დრო სჭირდება.

როდესაც ადამიანი, პირობითად, 10-დღიან და 2-დღიან ტრენინგზე მოდის, სადაც ვპირდებით, რომ ის საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდება, ეს მართალია, თუმცა მას ტრენინგის შემდეგ დამოუკიდებლად უწევს ამის კეთება, ხშირად არ ჰყოფნის მოთმინება ან ცოდნა და რადგანაც შედეგს მალე ვერ იღებს, ყველაფერს თავს ანებებს. ჩვენი ერთწლიანი პროგრამა - „12 საფეხური“ - გათვლილია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც რეალურად უნდათ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. ეს ტრენინგი საკუთარ თავზე აბსოლუტურად ყველა მხრიდან მუშაობას მოიცავს.

მე საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ამაზე საუბარი. ოდესღაც ვიყავი ისეთი მშიშარა, რომ სიბნელეში ვერ გავდიოდი და ვიყავი ისეთი წარუმატებელი, რომ სახელმწიფოსგან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანის პენსიას ვიღებდი.

დღეს თავისუფლად შემიძლია, ვუთხრა ადამიანებს: მნიშვნელობა არ აქვს, თუ სად ხართ ახლა. მთავარია, გქონდეთ ამბიცია და გადადგათ ნაბიჯი ამ მიმართულებით. წინსვლა და პიროვნული ზრდა, ფაქტობრივად, არ არსებობს საკუთარ თავზე მუშაობის, საკუთარი თავის უფრო და უფრო უკეთესი ვერსიის შექმნის გარეშე.

-რატომ დგება ზოგადად ერთგვარი განახლებისა და გაძლიერების საჭიროება ადამიანის ცხოვრებაში?

-მოდი, წარმოვიდგინოთ მობილური ტელეფონი, რომელიც 10 ან 5 წლის წინ მოდური და მრავალფუნქციური იყო... ის დღეს ვერ შეასრულებს იმ ფუნქციებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრებაშია საჭირო. შესაძლოა, იმაშიც კი აღარ გამოგვადგეს, რომ სამსახურებრივი მოვალეობა შევასრულოთ. ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარდა. ჩვენ გარშემო ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენი ძველი მოსაზრებებით, ძველი შეხედულებებითა და ძველი ადაპტაციის უნარებით, ახალ რეალობაში წარმატება შეუძლებელია.

-რადგანაც საკუთარი თავის გაუმჯობესების პროცესი მიზნების ჩამოყალიბებიდან და განსაზღვრიდან იწყება, საინტერესოა, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანისთვის ეს მიზნებიც ბუნდოვანია და ის ჩამოყალიბებული არ არის საკუთარ თავთან. რას მისცემს ასეთ ადამიანს თქვენი 1-წლიანი ტრენინგი?

-ჩვენი 12-საფეხურიანი ტრენინგების სისტემა მთავარი ტრენინგით იწყება, რომელსაც „პირველი გამაჯანსაღებელი“ ჰქვია. ის საკუთარ თავზე მუშაობისა და თვითგამორკვევის ანბანია - ვინ ვარ მე? რა მინდა? რა შემიძლია?

ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება რა გვინდა, რადგანაც ვუკრძალავთ საკუთარ თავს, რომ გვინდოდეს. გვგონია, რომ ამას მაინც ვერ მივაღწევთ. ადამიანს, რომელსაც არ აქვს სახლი, საერთოდ არ ახსენდება, რომ, მაგალითად, იახტა ჰქონდეს. მას უნდა, რომ ქირა გადაიხადოს ან, მაქსიმუმ, პატარა სახლი მაინც იყიდოს. ამიტომაც, როდესაც ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი არ ვიცით, თავს სურვილის უფლებასაც კი არ ვაძლევთ. როდესაც ადამიანი ხედავს და აცნობიერებს საკუთარ ძალას, მისი სურვილებიც იღვიძებს.