Zoom...წარმატების ისტორია

როდესაც ამერიკაში სულ პირველი კინოჩვენება გაიმართა, საზოგადოების ნაწილმა მეორედ მოსვლა დააანონსა და გულგახეთქილებს სასწრაფო დახმარების მანქანით მიაქანებდნენ კლინიკისკენ. ახლისა და უცხოს მიმართ შიში არახალია და მრავალ ადამიანს ახასიათებს, თუმცა ზუმის პლატფორმა ალბათ ის სიახლეა, რომელზეც ზემოთხსენებული აზრი არ ვრცელდება და პანდემიის ეპოქაში ნამდვილ მხსნელად და გადამრჩენლად მოგვევლინა.

ზუმის შექმნის იდეამ ახალგაზრდა ჩინელი ბიჭის გონება 1987 წელს დაიპყრო. ყურებამდე შეყვარებული ერიკ იუანი ყოველ დღე ათ საათს მატარებელში ატარებდა, რომ თავისი შეყვარებული ენახა, რომელიც სხვა ქალაქში, კოლეჯში სწავლობდა. ერიკი თვალებს ხუჭავდა და ოცნებობდა შეყვარებულის ნახვის შესაძლებლობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჰქონოდა, ცდილობდა წარმოედგინა გზები, რომლის საშუალებითაც დამღლელი მოგზაურობის გარეშე, მარტივად დაიკმაყოფილებდა მონატრებას. ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქისკენ მიმავალი, დროს ყოველდღიურად ოცნებებში ატარებდა.

მისი წარმოსახვა მალე მყარ მიზნად ჩამოყალიბდა და 90-იან წლებში ერიკმა ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა. ვიზის აღების რვა უშედეგო მცდელობის შემდეგ, ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა და მეცხრე მცდელობა წარმატებული გამოდგა. მან ამერიკაში, Web-Ex-ში დაიწყო მუშაობა, შემდეგ Cisco-ში განაგრძო საქმიანობა. გამოცდილების მიღებასთან ერთად, მისი სურვილი სულ უფრო და უფრო ხელშესახები ხდებოდა, თუმცა, კომპანიებში სადაც ის მუშაობდა, ზუმის შექმნის იდეას სკეპტიკურად უყურებდნენ.

კომპანიების სკეპცისიზმის მიუხედავად, ზუმი მაინც შეიქმნა. დღეს მას მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს და ცოტამ თუ იცის, რომ ეს იდეა არა პრაგმატული ბიზნესმენის, არამედ უზომოდ შეყვარებული სტუდენტი ბიჭის ოცნებების ნაყოფია.

ასე გახდა ამერიკული კომპანია ზუმის CEO და დამფუძვნებელი, ჩინელი ერიკ იუანი. კომპანია კალიფორნიის შტატში მდებარეობს და 2011 წელს შეიქმნა, თუმცა, მსოფლიო მოსახლეობისთვის 2013 წლიდან არის ხელმისაწვდომი. ბაზარზე გამოჩენიდან რამოდენიმე თვეში ზუმის მომხმარებლების რაოდენობა მილიონამდე გაიზარდა, მისი საშუალებით ონლაინ კონფერენციების მოწყობა იყო შესაძლებელი და არა მარტო კონფერენციების, დელ-ნელა უამრავი ახალი ფუნქცია ემატებოდა.

 

2020 წლის მარტში როდესაც კოვიდ 19-მა მსოფლიოს სტაგნაცია გამოიწვია, ზუმის პლატფორმამ არანორმალური პოპულარობა მოიპოვა. ერიკ იუნი თავიდანვე მიხვდა, რომ მსოფლიო მის პლათფორმაზე გახდებოდა დამოკიდებული და არც შემცდარა! პანდემიის პერიოდში, როდესაც ცხოვრებამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა და სწავლაც, მუშაობაც ვირტუალურად გაგრძელდა, აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა გასაოცარი სისწრაფით გაიზარდა.

ამ პლატფორმას ყოველდღიურად 300 მილიონი მომხმარებელი იყენებს და მასში გატარებული წუთების რაოდენობა, წელიწადში 3,5 ტრილიონ წუთს აჭარბებს. სულ რაღაც წელიწადნახევარში ზუმი ვიდეო კონფერენციების გიგანტი გახდა, ფაქოობრივად დედამიწა დაპაუზებისგან იხსნა.

ალბათ აღარავისთვის არის უცხო, რომ ზუმში იმართება შეხვედრები, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური. შესაძლებელია ლექციების ჩატარება, მუშაობა, აქვს როგორც უფასო, ასევე ფასიანი სერვისებიც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პლატფორმამ მოსახლეობის უმეტესობას შეგვინარჩუნა სამსახურები, მოგვცა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, მისი საშუალებით ვახერხებთ ტრენინგებზე დასწრებას და თითქმის ყველაფერს, რასაც პანდემიამდე ვახერხებდით.

ზუმის პლატფორმა დროის დაზოგვის არაჩვეულებრივი საშუალებაც აღმოჩნდა. მეტი რაღა უნდა გაგეკეთებინა კაცობრიობისთვის ამ ძნელბედობის ჟამს ძვირფასო ერიკ! მთელი ერის სახელით მომერიდება სიტყვით გამოსვლა, თუმცა ჩემი ოჯახისა და ახლობლებისგან მიიღე გულწრდელი მადლობა, რომ შენი გონების და სიყვარულის ნაყოფით რომელსაც ზუმი ჰქვია,  ჩვენი ვირტუალური ცხოვრება მეტ-ნაკლებად ნამდვილს მიამსგავსე

p.s.

…არავინ იცის, საიდან შეიძლება დაიწყოს თქვენი დიდი წარმატების გზა - მთავარია რაც გინდათ, მთელი გულით მოინდომეთ, მთელი არსით მიიღეთ, მთელი ძალით იბრძოლეთ ოცნებისათვის....მნიშვნელობა არ აქვს, საიდან დაიწყებთ, სოყვარულით და სიყვარულზე გამავალი გზა, ყოველთვის მივა სინათლემდე....

 

თამთა გრიგალაშვილი