ფსიქოლოგიური დრამა, თერაპიული ეფექტით...

„არაჩვეულებრივი აპათია“ ასე ჰქვია ამერიკაში მოღვაწე ახალგაზრდა, ნიჭიერი ქოუჩის, მწერლისა და მხატვრის, ნიკოლოზ წეველიძის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 12 დეკემბერს გაიმართება. საინტერესოა მისი დამოკიდებულება ცხოვრებისეულ სირთულეებთან. მან მოახერხა და ყოველი ტკივილი თუ განსაცდელი, შთაგონების წყაროდ, მამოძრავებელ პოზიტიურ ძალად გარდაქმნა. ის რაც ვიღაცას ძალ-ღონეს ართმევს და უმოქმედობისკენ უბიძგებს, მან პირიქით, სამოქმედო იარაღად აქცია და ხელოვნებაში გამოხატა საკუთარი თავი, საკუთარი ცხოვრება. ეს არის წიგნი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანთან ახლოა, ადამიანური ტკივილები ხომ არავისთვის არის უცხო... ეს არის წიგნი, სადაც დავინახავთ ავტორის პიროვნულ ზრდას, ხელის გულზე გადაშლილ მის ცხოვრებას და ამ უაღრესად მგრძნობიარე ადამიანის ტრანსფორმაციას. გზას, რომელშიც მისი ძალისა და სიახლეების წყურვილის წყალობით აპათიაც კი არაჩვეულებრივ და პოზიტიურ მოვლენად იქცა..

ნიკოლოზ, გვესაუბრეთ თქვენს წიგნზე...

წიგნი არის ადამიანის განცდებზე დაბადებიდან აპათიამდე და აპათიიდან არაჩვეულებრივ აპათიამდე. რას ნიშნავს არაჩვეულებრივი აპათია? იმას, რომ მე გარდავქმენი ჩემი აპათიური მდგომარეობა და არაჩვეულებრივად ვაქციე, ჩემთვის სასიკეთოდ გამოვიყენე ის მდგომარეობა, როდესაც აპათიაში ვიყავი. წიგნში აღწერილი მაქვს სხვადასხვა დროს ჩემს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები, პირადი გამოცდილებები, რამაც გამოიწვია ეს აპათიური მდგომარეობა და შემდგომში უკვე როგორ გარდავქმენი ეს მდგომარეობა ასე ვთქვათ არაჩვეულებრივ აპათიად. თვისებები რომელიც დამეხმარა ვქცეულიყავი იმად, ვინც დღეს ვარ, ალბათმონდომებაა, მზაობა ტრანსფორმაციის, ასევე საკუთარი თავის შეცნობის, სიახლისა და კარგად ყოფნის სურვილი.

როდის დაიწყეთ წერა?

ყოველთვის ვწერდი, თუმცა იმ პერიოდში როდესაც აპათიამ ჩემში ზენიტს მიაღწია, ფიზიკურად წერაც არ შემეძლო. შემდეგ უკვე გამოვედი მდგომარეობიდან, თუმცა წიგნში არის მოვლენები, რომელიც აპათიამდე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. საერთო ჯამში, 33 წლის ასაკში მელანქოლიურმა მდგომარეობამ ზენიტს მიაღწია, ჩემთან ერთად ტრანსფორმაცია განიცადა ჩემმა აპათიამაც და მე ეს ყველაფერი აღვწერე.

ვისთვის არის განკუთვნილი წიგნი?

ეს წიგნი გამოადგება მას, ვინც ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია, ვისაც ხელოვნება უყვარს, ვისაც უყვარს უბრალოდ ფიქრი და ვინც მზად არის ცვლილებებისთვის რომლებიც უნდა რომ მსოფლიომ იხილოს.

გვესაუბრეთ თქვენს ამერიკულ ცხოვრებაზეც, რა ახალი თვისებები შეგძინათ ახალმა გარემომ?

ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, უფრო მეტად გავიცანი საკუთარი თავი. მქონდა რეალური პრობლემები, რომლებმაც მსხვერპლად მაქცია, მსხვერპლის როლიდანაც გავთავისუფლდი.. ამერიკამ უფრო მეტი შინაგანი თავისუფლება მომიტანა, უფრო მეტად გამაგებინა, რომ ‘’ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი’’  და ჩვენ, ყველა ვაკეთებთ არჩევანს, ვირჩევთ ცხოვრების წესს.  ამერიკაში უკეთესად გავიაზრე, თუ როგორი აუცილებელია, რომ ადამიანებმა უფრო მეტად უნდა ვცეთ ერთმანეთს პატივი.

და ბოლოს, თქვენ ქოუჩიც ხართ. რამ გადაგაწყვეტინათ ამ პროფესიაში მოგესინჯათ საკუთარი შესაძლებლობები და რამდენად დაგეხმარათ ეს ცოდნა წერის პროცესში?

პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ ქოუჩის შესახებ გავიგე მაშინ, როდესაც აპათიური პერიოდი მქონდა და  საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე, დავინტერესდი ამ პროფესიით და  სიღრმისეულად შესწავლა გადავწყვიტე. ვარ ქოუჩინგის სკოლის კურსდამთავრებული. სხვათაშორის, ამერიკაში, სადაც მე ვცხოვრობ, საკმაოდ პოპულარულია ქოუჩინგის პროფესია და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ჰყავდეს ქოუჩი, რომელიც ცხოვრების უკეთესად წარმართვაში დაეხმარება. ძალიან კარგი თვისებაა როდესაც ადამიანს სურს ვინმეს დაეხმაროს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქოუისთვისაც, მაგრამ საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ქოუჩი ისევ და ისევ საკუთარ თავს ეხმარება ყველაზე მეტად, იმიტომ, რომ ეს პროფესიაა რომელიც მუდმივად ზრდას და სწავლას მოითხოვს.  ზუსტად ამიტომ მხიბლავს და მომწონს ქოუჩობა. დაუსრულებლად, მუდამ შენში ეძებ რაღაცას და ბოლო არ უჩანს ამ აღმოჩენებს, რაც საკუთარ თავზე ჯერ ჩვენც არ ვიცით.. ეტაპობრივად, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, სახელს ვარქმევთ მოვლენას, ემოციას, ფიქრს, გრძნობებს, ყველაფერს რაც ჩვენში ხდება. სწორედ ეს არის ალბათ პიროვნული ზრდა და ამ პროცესს მკითხველი წიგნის ფურცლებზე იხილავს.

დეტალები პრეზენტაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ