შემოდგომის დეპრესია

 

...თუ შემოდგომის დადგომასთან ერთად ზედმეტად თავჩაქინდრული, მხრებჩამოყრილი ან ცხვირჩამოშვებული დაიარებით;

...თუ საჭმელ-სასმელთანაც მწყრალად ხართ ან პირიქით - ჭამად ხართ ქცეული;

...თუ ვეღარც კარგი ხასიათებით დაიკვეხნით, ან თუ შემოდგომა-ზამთრის დათვივით ძილში გატარება დაგიგეგმავთ;

...თუ დიდი ენთუზიაზმით აღარც საქმეს აკეთებთ და მეგობრები ბოლოს როდის ნახეთ არც გახსოვთ;

...თუ დილით გაღვიძება გიჭირთ, ხან ძილიანობა, ხანაც უძილობა გაწუხებთ და შხაპის მიღებასაც კი თუ ოჯახის წევრები გახსენებენ (ცოდვა გამხელილი სჯობს!) - მაშინ არც მეტი, არც ნაკლები, შემოდგომის დეპრესია გაქვთ, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ და სულაც არ არის რთული სამართავი.

 ხოდა მეგობრებო, სანამ შემოდგომა-ზამთრის ძილში „გადაგორებას“ გადაწყვეტთ და გაზაფხულთან ერთად დააპირებთ გამოზაფხულებას, მანამდე ეს მარტივი რჩევები წაიკითხეთ რომელიც თქვენთვის ჩამოვწერე, დაგეხმარებათ  მთელი წელი შეინარჩუნოთ ზაფხულის ხალისიანი განწყობა:

  1. ტყის აბაზანები - ეკო თერაპია არაჩვეულებრივი გზაა დეპრესიასთან გასამკლავებლად, ყოველდღიურად თუნდაც ათი წუთით ბუნების წიაღში გასეირნება აუცილებლად შეგიქმნით კარგ განწყობას. ბუნების დადებითი გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე მეცნიერებმაც დაადასტურეს და ეს მეთოდი დეპრესიასთან გასამკლავებლად აქტიურად გამოიყენება.
  2. ძილის რეჟიმის დარეგულირება - იმისთვის რომ გვქონდეს ძლიერი ფსიქიკა და კარგი ჯანმრთელობა, საჭიროა ღამე საშუალოდ 8 საათი გვეძინოს. ძილის დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ადრე დავიძინებთ და ადრე ავდგებით, გარდა დასვენებისა, ჩვენი შინაგანი ორგანოები აღდგენა-გაწმენდასაც მოახერხებს, ტოქსინებიც ნაკლებად დაგვიგროვდება ეს კი განწყობაზე დადებითად აისახება, ზამთრის მოკლე დღეები ადრე ადგომით უფრო გრძელი მოგვეჩვენება რაც მშვენიერი მიზეზია ადრე ასადგომად.
  3. სეირნობა - სიარული არის მარტივი და საუკეთესო მეთოდი გუნება-განწყობის ასამაღლებლად, დღეში რამდენიმე კილომეტრის გავლით დეპრესიასაც მალე გამოემშვიდობებით.
  4. მიიღეთ D ვიტამინი თუ გჭირდებათ - D ვიტამინის დეფიციტი ხშირად არის დეპრესიის მიზეზი. D ვიტამინს ძირითადად მზის სხივების მეშვეობით ვიღებთ და ბუნებრივია, შემოდგომა-ზამთარში მისი დეფიციტი ხშირია. აიღეთ ანალიზი და თუ აღმოჩნდება, რომ D ვიტამინი გაკლიათ, აუცილებლად მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული თქვენთვის საჭირო დოზით.
  5. თავის მოვლა - ეს ჩემს მიერ ნაცადი მეთოდია რომელსაც თვალდახუჭული ვუწევ რეკომენდაციას. ვიცი როცა უხასიათოდ ხართ გაპრანჭვა, ლამაზად ჩაცმა და სარკის წინ ტრიალი რთულია, მაგრამ თუ ლამაზად ჩაიცვამთ მაშინაც კი როდესაც არსად მიდიხართ და ვერავინ გხედავთ, იმ წამსვე იგრძნობთ დადებით ეფექტს და მოზღვავებულ პოზიტიურ ენერგიას.
  6. მზის სხივების ეფექტი - გაატარეთ რაც შეიძლება დიდი დრო მზის შუქზე, გადით გარეთ, აივანზე, გადაწიეთ ფარდები. მზე დეპრესიის საუკეთესო წამალია
  7. ჰობი - დღიურის წარმოება, ხატვა, სიმღერა, ცეკვა, ქსოვა... ხელოვნების ნებისმიერ დარგს სასწაულებრივი კურნების უნარი აქვს გარდა იმისა რომ სასიამოვნოც არის. უამრავ ადამიანს დაუმარცხებია დეპრესია ამ მეთოდით. არ აქვს მნიშვნელობა ნიჭიერი ხართ თუ არა, მთავარია გსიამოვნებდეთ და ის რაც გსიამოვნებთ აუცილებლად გაგიხალისებთ ცხოვრებას.
  8. სიცილი - სიცილის სამკურნალო ძალაზე უამრავი წიგნი დაწერილა, იგი ნებისმიერი დაავადების უებარი მკურნალია. უყურეთ კომედიური ჟანრის ფილმებს, დაურეკეთ მეგობარს და გაიხსენეთ სასაცილო ისტორიები, იპოვეთ სიცილის მიზეზი და რაც შეიძლება ბევრი იცინეთ, თუნდაც მექანიკურად გაიღიმეთ, ამ დროს ტვინს ვატყუებთ ვითომ ბედნიერები ვართ, ჩვენი ტვინიც იჯერებს და ბედნიერების ჰორმონს გამოყოფს რაც დეპრესიის დაძლევაში გვეხმარება.
  9. დილის აფირმაციები - შემთხვევითი არ არის წარუმატებელი დღის შემდეგ რომ ამბობენ მარცხენა ფეხზე ვარ ამდგარიო. დილას თუ კარგი განწყობით შეხვდებით დიდი შანსია მთელი დღე პოზიტიური იყოს. როგორი შეკრული კოპებითაც არ უნდა გაიღვიძოთ, გულში თქვით - დღეს მე კარგი, ხალისიანი, საინტერესო, საუკეთესო დღე მაქვს!
  10. მედიტაცია - ლოცვა, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, ზოგადად ვარჯიშიც, ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია.

და ბოლოს, ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება. ისეთი მცირედი ნაბიჯიც კი, როგორიც დილით საწოლის დალაგებაა, თქვენს ცხოვრებაში რაღაცას უკეთესობისკენ ცვლის. თუკი ყველაფერს ერთბაშად ვერ მოახერხებთ, (ერთბაშად ყველაფრის მოხერხება რთულია), დაიწყეთ მცირედით, დაისახეთ პატარ-პატარა მიზნები და მათი განხორციელებით უფრო და უფრო მიუახლოვდებით საკუთარ საუკეთესო მეს. თქვენი შემოდგომის დეპრესია კი, (რომელსაც მე გაზულუქებულ პრინცესას ვუწოდებ რადგან უყვარს როცა მის ჭკუაზე დავდივართ), ფარ-ხმალს დაყრის, ვეღარ შეძლებს თქვენთან თანაცხოვრებას  და შორეულ მოგზაურობაში დაიკარგება.