...ოდესმე თუ გსმენიათ რაიმე ზემგრძნობიარე ადამიანების შესახებ, რომელთა რაოდენობაც მსოფლიოში მხოლოდ 15-20%-ს შეადგენს? იცოდით რომ მათი ტვინი სხვა ადამიანების ტვინისგან განსხვავებულად მუშაობს? იცით როგორ უნდა იყოთ ჯანმრთელი, ბედნიერი და რეალიზებული, მაშინ როდესაც სხვებისგან განსხვავდებით? ჩამოგითვლით მათ ნიშან-თვისებებს, შესაძლოა თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ. თუკი საკუთარ თავს ამოიცნობთ, იმის ნაცვლად, რომ თავს ნერვოზიანი ან რაიმე ამის მსგავსი უსამართლოდ უწოდოთ, კითხვა განაგრძეთ და ისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ თქვენი ახლად აღმოჩენილი ფენომენალური შესაძლებლობები.
ზემგრძნობიარე ადამიანებს:
- სძულთ ნებისმიერი სახის ძალადობა და აგრესია, ეს ყველაფერი მათ ლამის ფიზიკურ ტკივილს აყენებთ.
- დასვენებისთვის მეტი დრო სჭირდებათ. მოსწონთ ნელი ცხოვრების ტემპი და სიმშვიდეში თავს კარგად გრძნობენ.
- მარტივი რაღაცეებისგან შეუძლიათ სიმოვნების მიღება,
- გადაწყვეტილებების მიღებას უფრო დიდხანს უნდებიან, ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონონ და უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი გადაწყვეტილება საუკეთესოა.
- ცვლილებების მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან. ჩვეულ მდგომარეობაში ყოფნა ურჩევნიათ სიახლეებს, თუმცა, პოზიტიურ ცვლილებებს მაინც ენთუზიაზმით ხვდებიან და თუ ნაბიჯს წინ გადადგამენ, მათ ცხოვრებაში უამრავი სასიკეთო მოვლენა ხდება.
- მოვლენებს სიღრმისეულად შეიგრძნობენ, წვრილმან დეტალებსაც კი ამჩნევენ, ყველაფერს აკვირდებიან. ამ თვისებების გამო ძალიან ბევრს ფიქრობენ და მიდრეკილნი არიან წვრილმან მოვლენებზე ჩაციკვლისკენ. შეიძლება დღის განმავლობაში უამრავი კარგი რაღაც მოხდეს, მაგრამ მთელი დღე ერთ უარყოფით მოვლენაზე ჩაიციკლონ.
- ძალიან მგრძნობიარეები არიან კრიტიკის მიმართ, ვერ იტანენ კონფლიქტებს, ისედაც კარგად ამჩნევენ საკუთარ თავში ყოველგვარ ნაკლს და სხვების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკული შეფასებები, ორმაგად მტკივნეულად ხვდებათ გულზე.
- მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ, ძალიან კრეატიულები, პერსპექტიულები და მიხვედრილები არიან.
- გარშემომყოფები ზოგჯერ ვერ უგებენ, ხშირად უწოდებენ ზედმეტად ემოციურს, აღიქმებიან მორცხვ და ჩაკეტილ ადამიანებად, თუმცა სინამდვილეში შესაძლოა ეს სიმართლეს სულაც არ შეესაბამებოდეს.
- ვიწრო სამეგობრო წრე ჰყავთ. რთულია მათ სამყაროში მოხვედრა, თუმცა, იმ ადამიანებს ვისთანაც ახლოს არიან, უდიდესი სითბოთი, მზრუნველობით და სიყვარულით ანებივრებენ.
ზემგრძნობიარე ადამიანების შესახებ პირველად 90-იან წლებში ალაპარაკდნენ. ფსიქოლოგმა ელენ აარომა თავის წიგნში „უაღრესად მგრძნობიარე ადამიანი“ დეტალურად აღგვიწერა ეს უნიკალური ფენომენი. ამ ადამიანთა შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი, ჩატარდა უამრავი კვლევა. ყველას სურს იყოს გამორჩეული, ალბათ ეს არის მიზეზი, რომ ევროპაში საკუთარი თავისთვის ზემგრძნობიარე ადამიანის წოდება, ერთგვარ ტრენდადაც იქცა, თუმცა, რეალურად მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.
მიუხედავად იმისა, რომ ზემგრძნობიარე ადამიანთა ტვინი განსხვავებულად მუშაობს და ამას სამედიცინო კვლევებიც ადასტურებს, ეს მდგომარეობა დაავადება ან რაიმე სახის დარღვევა არ გახლავთ. ისინი უბრალოდ სხვებისგან განსხვავებულად, უფრო ღრმად აღიქვამენ სამყაროს.
ზემგრძნობიარე ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არაინ მძაფრი სუნების, გემოს, შეხების, მაღალი ხმების და განათებების მიმართ. მათზე გარემო ბევრად უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე ადამიანთა უმეტესობაზე. ზემგრძნობიარე ადამიანები ყოველ დეტალს აქცევენ ყურადღებას, შეუმჩნეველი არაფერი რჩებათ და ზედმეტი ფიქრი ახასიათებთ. მათ არ შეუძლიათ თუნდაც სულ წვრილმანი დეტალი საფუძვლიანი ანალიზის გარეშე დატოვონ. მათი ემოციები ბევრად უფრო ღრმა და ინტენსიურია, წიგნის წაკითხვისას ან ფილმის ყურებისას საათობით შეუძლიათ იტირონ, საშინელებათა ჟანრის ფილმებს კი მათში ძლიერი შფოთვის და შიშის გამოწვევა შეუძლია.
ზემგრძნობიარე ადამიანები სხვა ადამიანების ემოციებსაც შეიგრძნობენ, ისინი განიცდიან ისეთ დეტალებს, რასაც ადამიანთა უმრავლესობა საერთოდ ვერც კი ამჩნევს, აქვთ განსაკუთრებული თანაგრძნობის უნარი და გარშემომყოფების მიმართ ძალიან ყურადღებიანები არიან. ინფორმაციის მიღებისას ისინი ზერელე ცოდნით არ კმაყოფილდებიან, უყვართ მათთვის საინტერესო საკითხის საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება, სწორედ ამიტომ, მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ საქმის საკეთებლად, ვიდრე სხვა ადამიანებს. ზოგჯერ ასეთი ადამიანების ფიქრებში სრული ქაოსია, რადგან უამრავი რაღაც ადარდებთ.დროში შეზღუდვა მათზე იმდენად ძლიერად მოქმედებს, რომ ღელვისა და შფოთვის მიზეზი ხდება.
ზემგრძნობიარე ადამიანები ხშირად არიან მწერლები, პოეტები, მასწავლებლები, ექიმები, ფილოსოფოსები... კარლ იუნგი, ემილი დიკენსონი, რაინერ მარია რილკე, ზემგრძნობიარე ადამიანები იყვნენ. ამ ტიპის ადამიანები, ძირითადად შემოქმედთა შორის უნდა ვეძებოთ, როგორც წესი, ისინი მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან, არიან შემოქმედებითები, ნიჭიერები, ემპათიურები. მათ ახალ ინტროვერტებსაც უწოდებენ, თუმცა, ყოველი მათგანი სულაც არ არის აუცილებელი ინტროვერტი იყოს, ზემგრძნობიარე ადამიანებს ექსტრავერტთა შორისაც შევხვდებით.
ზემგრძნობიარე ადამიანთათვის მიზანშეწონილია პერიოდული განმარტოება, იმისთვის, რომ გონებას დასვენების საშუალება მისცენ. ისინი დაიბადნენ მაღალი მგრძნობელობით, ამიტომ შეგონებები - ნუ განიცდი ყველაფერს, ნუ ფიქრობ ამდენს, ნუ ხარ ასეთი ემოციური... მხოლოდ და მხოლოდ ფუჭი დროის ფლანგვაა.
თქვენ შეგიძლიათ თქვენი გამორჩეულობა უამრავი კითხვისა და შფოთვის მიზეზად არ გექცეთ, შეგიძლიათ, რომ თქვენი უნიკალური, მგრძნობიარე გონება თქვენსავე სასარგებლოდ გამოიყენოთ და ერთ მშვენიერ დღეს, ზედმეტად ემოციური ან დეპრესიული ადამიანის ნაცვლად, სამყაროს ნამდვილ შემოქმედად მოევლინოთ. ეს ყველაფერი სხვებზე უკეთ თქვენ შეგიძლიათ. შემდეგ სტატიაში, ბევრი ფილოსოფიის გარეშე, ძალიან მარტივ და კონკრეტულ გზებს შემოგთავაზებთ ამისთვის.
p.s.
ახლა კი, თუ საკუთარი თავი სამყაროს ამ 15% ში ამოიცანით, მოიშორეთ ნერვოზიანის, დეპრესიულის ან ემოციურად გაუწონასწორებელის იარლიყი. მოიშორეთ ყველა იარლიყი რომელიც მოგარგეს ან თქვენ თვითონ მოირეთ! სანაგვეში მოსიროლეთ მოისროლეთ და სამუდამოდ დაივიწყეთ! მოისროლეთ! ისინი თქვენ არ გეკუთვნით! უკვე მოისროლეთ? ძალიანაც კარგი! გამარჯობა ზემგრძნობიარე ადამიანო:)