შემრცხვა და გადაწყვეტილება შევცვალე

...ჩემს ბავშვობაში, მაშინ როცა ბაზრობები და ბრენდული ბუტიკები არ არსებობდა, შოპინგის ყველაზე ელიტარულ სახეობაც სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა - ვინმე ქალბატონი სახელად ფინჯო, მოდიოდა დიდი ფუთებით ჩვენთან სახლში და ამ ფუთებიდან ამოჰქონდა სრულიად ულამაზესი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, ფარდები, პირსახოცები, სუფრები და კოსმეტიკა...
ფინჯოს გარეთ მანქანით თავის მეუღლე ელოდა და ეს მანქანაც გასაყიდი ნივთებით სავსე ფუთებით იყო გამოტენილი.
მისი მოსვლა ნამდვილი ზეიმი იყო - ყველანი მოდური და ხარისხიან ტანისამოსით ვიმოსებოდით, მაგრამ რამდენიმე დეტალი ჩემს გონებაში ბავშვობიდან უცნაურად ჩარჩა და საკმაოდ გვიან აღმოვაჩნე ამ დეტალების გავლენა და კითხვებზე პასუხი...

ფინჯო სულ იღიმოდა დიდი გულწრფელი ფართო ღიმილით და აუცილებლად ისე მოგიკითხავდა, გაგიკვირდებოდა „ ეს საიდან ახსოვსო?“...
სხვა და სხვა მეზობელთან განსხვავებული ფუთები შეჰქონდა - და ალბათ მაშინ მან თავადაც არ იცოდა, რომ ამას სამიზნე აუდიტორიაზე გასვლა ერქვა.
გადახდის მოქნილ გრაფიკსაც უცაბედად შეგიდგენდა და შიდა უპროცენტო განვადებასაც შემოგთავაზებდა... ნახევარ ფუთა ტანსაცმელს გაყიდინებდა და თან ისე, რომ თვით შეფასებასაც აგიმაღლებდა და აგრეთვე ძალიან მომწონდა, რომ ბევრი ფული ქონდა..
ერთხელაც სახლში გამოვაცხადე ფინჯო უნდა გამოვიდე მეთქი...
რას ამბობ? „სპეკულიანტი „ უნდა გამოხვიდეო ? - მკითხეს..
ძალიან შემრცხვა და გადაწყვეტილება შევცვალე, თუმცა ვინ იცის რა მოხდებოდა ასე რომ არ მომხდარიყო?
 · საკმაოდ დიდი მუშაობის ჩატარება მომიწია, რომ ცხოვრებაში და საქმეში ამ მენტალიტეტის გავლენა აღმომეფხვრა;
 · მიჭირდა ფულის მოთხოვნა, მაშინაც კი როცა მეკუთვნოდა;
 · მერიდებოდა ჩემს მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურების დასახელება;
 · მრცხვენოდა რაიმეს გაყიდვა და შესაბამიდან არც გამომდიოდა;
 · ჩემს პროდუქტებს დაბალ ფასს ვადებდი და მერე ვიჭედებოდი და ა.შ.

დღეს, როცა უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ გაყიდვების და შეთავაზების უნარი შეუცვლელი ინსტრუმენტია, სამწუხაროდ ისევ არსებობენ ადამიანები, რომლთა ცხოვრებაზეც კვლავ დიდი გავლენა აქვს წარსულის აჩრდილს და „გაყიდვა სირცხვილია“ თი ხელმძღვანელობენ.
თუ თქვენც ასე ხართ და ხვდებით რომ ეს ყველაფერი შესაცვლელია - გილოცავთ!
გულწრფელად გილოცავთ ცხოვრების იმ წამს, როცა მთელი არსებით შეძლებთ რელიზდეთ, ანუ სწორად შესთავაზოთ და გაყიდოთ საკუთარი შესაძლებლობები.


წარმატებები:)

 

პატივისცემით,

ხათუნა მუზაშვილი