პირველი პიროვნული ზრდის ცენტრი კახეთში

სოფია შანშაშვილი კახეთში პირველი და ერთადერთი ქოუჩინგის ცენტრის - „კაუჭის“ დამაარსებელია. რას ნიშნავს „კაუჭი“, როგორ ეხმარება იგი ადამიანებს, რა გზა განვლო ბანკის თანამშრომლობიდან საკუთარი ოცნებების რეალიზებამდე და როგორ ჩასჭიდეს ხელი ქოუჩინგის სკოლაში შეძენილმა მეგობრებმა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ამ ყველაფერზე თავად გვესაუბრება.

 

სოფია, გვიამბეთ თქვენი დაარსებული ორგანიზაციის შესახებ

ორგანიზაცია „კაუჭი“ ჯერ მხოლოდ ონლაინ სივრცეში ფუნქციონირებს, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიაა და ჯერჯერობით თითქმის ყველაფერმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. „კაუჭი“ აღმოსავლეთ საქართველოში პირველი პიროვნული ზრდის ცენტრია. აქ მსგავსი მომსახურება არ არსებობდა, შესაბამისად, გამიჩნდა სურვილი, რომ პირველი ვყოფილიყავი და საზოგადოებისთვის მიღებული ცოდნა გამეზიარებინა, საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების აღმოჩენაში დავხმარებოდი, მათი პიროვნული ზრდისთვის შემეწყო ხელი. სურვილი გამიჩნდა ადამიანებს დავხმარებოდი, რომ თავიანთი ცხოვრება უკეთესი გაეხადათ და თავადაც იმაზე უკეთესები გამხდარიყვნენ ვიდრე დღეს არიან. ჩემს ორგანიზაციას ჯერ ახალშობილს ვეძახი, გასაზრდელი მყავს, ჯერ ერთი თვეც არ შესრულებულა რაც „კაუჭი“ არსებობს. გუშინ პირველი გაცნობითი ხასიათის სემინარი ჩავატარეთ, გვერდის გაზრდასთან ერთად, ახლო მომავალში სხვადასხვა წარმატებული ქოუჩების, ფსიქოლოგების, ტრენერების მოწვევას ვაპირებ, რომლებიც ჩემს სტუდენტებთან იმუშავებენ და განვითარებაში დაეხმარებიან.

           

რატომ ქვია თქვენს ორგანიზაციას „კაუჭი“?

სახელწოდებაზე ბევრი ვიფიქრე. მეგობარმა რჩევის სახით მომწერა, რომ დამერქმია კაუჩი, როგორც კახეთის და ქოუჩინგის გაერთიანებული ვერსია. კაუჩის წაკითხვის შემდეგ, გამიჩნდა იდეა რომ კაუჭი დამერქმია. ეს ის წუთები იყო, როდესაც მივხვდი, რომ სახელწოდება ძალიან მომეწონა და აუცილებლად „კაუჭი“ უნდა ყოფილიყო მისი სახელი. წარმოვიდგინე ხე, რომლის ნაყოფსაც ვერ სწვდები და იმისთვის რომ ნაყოფი მოწყვიტო, ჯერ კაუჭით ტოტი შენსკენ ახლოს უნდა მოსწიო. შესაძლებელია ხეზე წვალებით აფოფხდე, კიბე მიადგა, თუმცა კაუჭით ხომ მიზნის მიღწევა ბევრად მარტივია. მსგავსი ასოციაცია გამიჩნდა ამ სიტყვასთან, ასე დაიბადა სახელწოდება.

ფიქრობდით თუ არა, რომ ამ სახით განვითარდებოდა თქვენი მომავალი კარიერა?

ჩემი წარსული საქმიანობა დღევანდელი საქმისგან რადიკალურად განსხვავდება, ტურიზმის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, შემდეგ, შვიდი წლის მანძილზე ბანკში ვმუშაობდი. ვგრძნობდი როგორ მჭირდებოდა განვითარება და სიახლეები, თუმცა, იქ სადაც ვიყავი, ამის შესაძლებლობა ნაკლებად მქონდა. სიახლეების სურვილმა მიმიყვანა ხათუნა მუზაშვილის ქოუჩინგის სკოლამდე. ქოუჩინგის სკოლა, ეს იყო საკუთარ თავზე მუშაობის სასიამოვნო პროცესი, ვმუშაობდი, რომ ჩემი თავი გამეხადა ზუსტად ისეთი, როგორიც ყოველთვის მინდოდა  ვყოფილიყავი. ამ პროცესში მივხვდი, რომ დანაშაული იქნებოდა მიღებული ცოდნა მხოლოდ ჩემთვის დამეტოვებინა და სხვა ადამიანებისთვის არ გამეზიარებინა. სწავლის პროცესშივე გამიჩნდა იმის რასაც დღეს ვაკეთებ, თუმცა ზუსტად ჩამოყალიბებული მიზანი ჯერ არ მქონდა. ამ გაზაფხულზე ჩემმა იდეამ ხორცი შეისხა და ცოდნა რაც მივიღე, რასაც ვღებულობ და ვაგრძელებ მიღებას, მაძლევს საშუალებას, საკუთარი წვლილი შევიტანო ადამიანების პიროვნულ განვითარებაში.

კონკრეტულად რა უნარები განგივითარათ ქოუჩინგის სკოლამ, რაში დაგეხმარათ?

ერთ-ერთი უმთავრესი რაც ქოუჩინგის სკოლისგან მივიღე, არის ის, რომ ამ პროგრამამ მომცა საშუალება საკუთარი თავი მეპოვა, ჩემს ნამდვილს სურვილებში გავრკვეულიყავი, გავხდი უფრო მეტად მოტივირებული, თვითშეფასება ამიმაღლდა, ვისწავლე საკუთარი ემოციების უკეთესად მართვა და რა თქმა უნდა, უფრო გაბედული გამხადა. სრულიად მარტომ ავიღე უზარმაზარი პასუხისმგებლობა, დავიწყე საქმიანობა ნულიდან და შევძელი პიროვნული ზრდის ცენტრის მშენებლობა, ჯერ საქმე სოციალურ ქსელის საშუალებით დავიწყე და თითო აგური მექნება დასადები იმისთვის, რომ სრულყოფაში მოვიყვანო ის იდეა, რაც ეხლა მაქვს.

ქოჩინგის სკოლაში თქვენში უკვე არსებული უნარები განავითარეთ თუ გარკვეული აღმოჩენების წინაშე დადექით?

ვფიქრობ, რომ ორივე, იმიტომ, რომ ყოველთვის მეშინოდა საჯაროდ გამოსვლის, ბავშვობაში მასწავლებლის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის გამო გავდიოდი ხოლმე სცენაზე და არა ჩემი სურვილით.. ქოუჩინგის სკოლაში, როდესაც პირველად ჩავატარე ტრენინგი, ქალბატონი ხათუნას შფასებამ უზარმაზარი მოტივაცია მომცა და სწორედ იმ კონკრეტულ მომენტში მივიღე ტრენინგების ჩატარების გადაწყვეტილება. მისი სიტყვები ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო და გადავწყვიტე ჩემში არსებული ნიჭისა და უნარების მეტად განვითარება. უკვე აღარ ვუდგებოდი სწავლის პროცესს როგორც მასწავლებლის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას, დავიწყე მუშაობა იმაზე, რომ ტრენინგების ჩატარება ჩემს ძირითად საქმიანობად გადამექცია. ქოუჩინგის სკოლის გარეთ შეიძლება ტრენინგების ჩატარებაზე არასოდეს მეფიქრა და პირადი სესიებით შემოვფარგლულიყავი, მაგრამ შეფასებებმა, რომლებიც ამ სკოლის კედლებში მივიღე, ჩემი თავი განსხვავებული კუთხით დამანახა და უდიდესი მოტივაცია მომცა. მომცა უნარი, საკუთარ თავში ახალი რესურსები მეპოვნა, არსებულის გაზრდით, განვითარებით და ახლის შეძენით.

არსებობს სასწავლებლები, რომლის დასრულების შემდეგაც მის არსებობას მხოლოდ ფურცელზე მიღებული სერთიფიკატი გვახსენებს, თუმცა თქვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა, დღეს თქვენი პედაგოგების კოლეგა ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ დღეს მათთან როგორც კოლეგას?

ჩვენს ცხოვრებაში ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებენ, რომლებმაც ჩვენში დიდი ცვლილებები მოახდინეს და გარდამტეხ მომენტში გვერდით დაგვიდგნენ. სწორედ ასეთი ადამიანები გავიცანი ქოუჩინგის სკოლაში, არაჩვეულებრივი ლექტორები, ქალბატონი ხათუნა, ქალბატონი ეთო და სხვები, რომელთა მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობ.ისინი დღეს ჩემი ეთგვარი იმედებიც არიან, მისაბაძ პიროვნებებად ვთვლი, მათგან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება, ყოველი მათგანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და განსაკუთრებულია. ჩვენი ურთიერთობა რა თქმა უნდა გრძელდება, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხელი მაგრად ჩამჭიდეს და არასოდეს გამიშვებენ.

                   ესაუბრა თამთა გრიგალაშვილი